English / ქართული / русский /
თამაზ გამსახურდიათეიმურაზ ფესტვენიძე
ქვეყნის ძლიერების განმტკიცებისა და ადამიანისეული რესურსების დასაქმების მენეჯმენტის ფაქტორები

ანოტაცია. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ საქართველო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, გააჩნია მდიდარი ტრადიციები, მრავალფეროვანი ბუნებრივი და წიაღისეული რესურსები. მათი ეფექტური და გონივრული გამოყენების შედეგად შესაძლებელია ერთ-ერთი წარმატებული და მიმზიდველი ქვეყანა გახდეს.

ასევე ყურადღებაა გამახვილებული, რომ ხელისუფლების ძირითადი და გადაუდებელი ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის ძლიერების განმტკიცება და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, რომელიც დამოკიდებულია ხელისუფლების გონივრულ, სწორად გათვლილ პოლიტიკასა და მიზანმიმართულ სტრატეგიებზე. აუცილებლობა მოითხოვს ხელისუფ-ლებასთან ერთად დაინტერესდეს მოსახლეობა, რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი.
ამ მიზნების მიღწევას ხელს უშლის როგორც გლობალური (მსოფლიო პანდემია და ეკონომიკური პრობლემები), ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და სხვა მრავალი ფაქტორები, როგორიცაა პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური, მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული კონფლიქტური მდგომარეობა, ადამიანისეული რესურსების განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული სერიოზული შეცდომები და ხარვეზები.

საკვანძო სიტყვები: მენეჯმენტი, ადამიანისეული რესურსები, ინვესტიციები, სტრატეგიები, ბიზნესი, ექსპორტ-იმპორტი, ტურიზმი, კონკურენტუნარიანობა, დემოგრაფია. 

საქართველო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, გააჩნია მდიდარი ტრადიციები, მრავალფეროვანი ბუნებრივი და წიაღისეული რესურსები. მათი ეფექტური და გონივრული გამოყენების შედეგად შესაძლებელია ერთ-ერთი წარმატებული და მიმზიდველი ქვეყანა გახდეს.

ხელისუფლების ძირითადი და გადაუდებელი ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის ძლიერების განმტკიცება და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, რომელიც დამოკიდებულია ხელისუფლების გონივრულ, სწორად გათვლილ პოლიტიკასა და მიზანმიმართულ სტრატეგიებზე. აუცილებლობა მოითხოვს ხელისუფლებასთან ერთად დაინტერესდეს მოსახლეობა, რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი. საბედნიეროდ, საქართველო 30 წელზე მეტია დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ ვერა და ვერ მოხერხდა სხვის გარეშე დამოუკიდებლად იმოქმედოს და გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის წარმატებასა და წინსვლას.  

უკანასკნელ პერიოდში პანდემიის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა მძიმე მდგომარეობა შეუქმნა მსოფლიოს მოსახლეობას და მათ შორის საქართველოსაც. ამას დაემატა რუსეთ-უკრაინის ომი, გაღრმავდა კრიზისი. მიუხედავად სირთულეებისა, ხელისუფლებამ გონივრული მიდგომით ასე თუ ისე გაართვა თავი რთული პირობების მართვას. ე.წ.  რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის წინსვლა დაამუხრუჭოს და საქართველო ჩააბას რუსეთ-უკრაინის ომში, რაც კატასტროფა იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ ხალხთან ერთად გააქარწყლოს ოპოზიციის ყალბი ბრალდებები, რომელებიც პერმანენტულ ხასიათს ატარებს.  ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალები დღენიადაგ იმის მოლოდინში არიან, რომ ქვეყანა დაუძლურდეს, დასუსტდეს, რათა რევოლუციის გზით მართვის სადავეები ჩაიგდონ ხელში, მაგრამ „ურჩ რადიკალურ ოპოზიციას“ ავიწყდება, რომ წინა პერიოდში მოსახლეობამ მძიმე და აუტანელი პერიოდი გამოიარა, ამიტომ ქვეყანაში არ დაუშვებს არეულობას. ცივილიზაციის ეპოქაში ადამიანებს სურს მშვიდობა, სტაბილიზაცია, თავისუფლება, სიყვარული და არა ომი და იარაღის ჟღარუნი. საეჭვოა, რომ  მათ მოიპოვონ ხალხის ნდობა და არჩევნების გზით მიაღწიონ სასურველ შედეგს.

ჩვენ ეჭვი გვეპარება იმაში,  რომ თავიანთი “სექტანტების“ გარდა რადიკალურ ოპოზიციას ვინმემ  მხარი დაუჭიროს.  დროა  გონს მოეგონ, მოიქცნენ ისე, როგორც ეკადრება ტოლერანტულ ერს. უნდა აღვნიშნოთ, რომ მარტის თვეში ნაციონალების მიერ ჩატარებული აქციის მონაწილეები მთავრობის სასახლის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე ისე იქცეოდნენ, როგორც ველურები,  არ ჰქონდათ ადამიანის სახეები. თავბრუდახვეული ახალგაზრდობა დაგეშილი იყო, რათა ჯავრი ეყარათ მთავრობის სასახლეზე — ამსხვრევდნენ სარკმლებს,  წვავდნენ მანქანებს, „მოლოტოვის კოქტეილს“ უშენდნენ ირგვლივ ყველაფერს და სამართალდამცავებს.  ამ ვანდალური საქციელით დიდი ზიანი მიაყენეს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს.  რა მოგვიტანა ასეთმა ქმედებამ? გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი,  რომ  ქვეყნის ერთგულმა ადამიანმა,  ჯარისკაცმა, მოყვარემ  მომავლისათვის უნდა იშრომო, იბრძოლო და არა მოსის­ხლე მტერივით თვითონ დაანგრიო და გაანადგურო ქვეყანა იმის იმედით, რომ  მართველობაში მოხვიდე  და შემდგომ შური იძიო კონკურენტებზე.

მცირერიცხოვან ქართველ ერს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ახალგაზრდა კაცი სხვა ქვეყანაში გაგზავნოს საომრად! როდესაც მომავალ თაობებს წინ ელოდება უამრავი გადაუჭრელი პრობლემა, რომელთა გადაწყვეტა ქვეყნისთვის მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია. გაუგებარია ჩვენი თანამემამულეების სწრაფვა, რისთვის და რატომ წირავენ თავიანთ სიცოცხლეს უცხო ქვეყნისათვის.  ქართული სიტყვის დიდოსტატი კონსტანტინე გამსახურდია ბრძანებს: „არავინ ისე არ იბრძოლებს სხვის ომში, როგორც სულელი“.  პატრიოტი თუ ხარ და  გიყვარს შენი ქვეყანა აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაიცვა შენი სამშობლო. ცხადია, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ისეთი ცხოვრების პირობები არ არის, როგორიც  უნდა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელდაკრეფილები ვიყოთ, არაფერი გავაკეთოთ, სხვის ომში ვიბრძოლოთ, ემიგრაციაში წავიდეთ, ქვეყანა სხვა ეროვნების წარმომადგენლებს ჩავაბაროთ და ა.შ. ყოველივე ეს კარგს არ მოგვიტანს, ნუ ვიფიქრებთ იმაზე რომ თავისუფალი და ბედნიერი ხართ...  მარად გვახსოვდეს ვართ ქართველები.  ეს ნიშნავს რომ გვიყვარს ჩვენი მიწა, მთა და ბარი, სხვაგან კარგად ყოფნას და განცხრომით ცხოვრებას გვერჩიოს  დაუღალავი შრომითა და გარჯით ავაშენოთ და დავამშვენოთ ჩვენი ქვეყანა და საჭიროების შემთხვევაში ვაჟკაცურად დავიცვათ ჩვენი ბედკრული სამშობლო. კაცობრიობის ისტორიაც ადასტურებს იმას, რომ ბედნიერება დიდ ქონებასა და ფულში არ ყრია.

გასული საუკუნის 90-იან წლებში კანონიერი გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო სამხედრო შეიარაღებულმა ხუნტამ, რამაც მშრომელ ადამიანებში გამოიწვია ნიჰილიზმი და  ჩვენი ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.  ასეთ პირობებში მყოფმა საქართველოზე  უზომოდ შეყვარებულმა პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მოღალატეებს ქვეყნის უმაღლესი ტრიბუნიდან გასძახა: „კარგი მე ცუდი ვარ, მაგრამ ამ საწყალმა ქვეყანამ რა  დაგიშავათ?“.

მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ზვიადი სიყმაწვილის ასაკიდან მერაბ კოსტავასთან ერთად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. ზვიადის განვლილი გზა მუდამ იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იდგეს ქართველი ახალგაზრდა თავისი სამშობლოს  კეთილდღეობის სადარაჯოზე. ის  იყო საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული პატრიოტი ადამიანი, რომელიც ყველაზე მაღლა აყენებდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და შესწირა კიდევაც თავი  ქვეყნის დამოუკიდებლობის დიად საქმეს.  რად ღირს იმის გახსენება, როდესაც მიწისძვრის შედეგად ზემო იმერეთის, საჩხერის, ჭიათურისა და რაჭის მოსახლეობა ძლიერ დაზარალდა, ექსტრემალურ პირობებში პრეზიდენტის განკარგულებისთანავე მობილიზებული იქნა ტექნიკა, სამშენებლო მასალები,  ადამიანური რესურსი და დაზარალებულ რეგიონებში უწყვეტად მიეწოდებოდა ჰუმანიტარული დახმარება.  სწრაფ ტემპით მოხდა რეაბილიტაცია და აშენდა სახლები,  დროულად  აღდგა  ზემო იმერეთში მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალი, რამაც მოსახლების კმაყოფილება და მადლიერება გამოიწვია.  უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობდა მრავალი ფირმა და კომპანია  და მათი ხელმძღვანელობის სწორმა და ეფექტურმა მენეჯმენტმა დააჩქარა სამუშაოს ტემპი და სასურველი შედეგი დადო.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს თავის გუნდთან ერთად შემუშავებული ჰქონდა ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმები, მაგრამ „ქართველმა წითელმა ინტელიგენციამ“ და გარეშე დაუძინებელმა მტრებმა  ერთობლივი ძალით ჩამოაშორეს მართვის სათავეს და, სამწუხაროდ, შეუსრულებელი დარჩა სამომავლოდ დასახული გეგმები. გადატრიალების დღიდან „დარჩენილი ნაპრალების  ამოვსებას ალბათ დიდი დრო დასჭირდება.  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი იგორ კვესელავა ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს,  რომ „ინტელიგენცია“ საქართველოში ამკვიდრებს შევარდნაძის კულტს. ეს ადამიანები პრესითა თუ ტელევიზიით, მიტინგებითა თუ კერძო გამოსვლებით პირდაპირ ამტკიცებდნენ, რომ შევარდნაძის გარეშე საქართველო დაიღუპებოდა (საკითხავია, ვინ დაღუპა საქართველო?!). ისინი ავრცელებდნენ სიცრუეს თითქოს ზვიად გამსახურდია საქართველოში ნავთობსადენის გაყვანას ეწინააღმდეგებოდა, არადა სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო. ზვიად გამსახურდიამ მთავრობას დაავალა მოემზადებინათ ეკონომიკური პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობსადენის გაყვანის შესახებ. უფრო მეტიც, საქართველოში ჩამოვიდნენ უმდიდრესი არაბი ინვესტორები და ასპინძაში იგეგმებოდა სასმელი წყლის ჩამოსასხმელი უზარმაზარი ქარხნის მშენებლობა, სადაც დასაქმდებოდნენ რაიონისა  და სხვა რეგიონის მცხოვრებლები, ანუ გაჩნდებოდა ათასობით სამუშაო ადგილი, მოეწყობოდა ინფრასტრუქტურა.  არაბული მხარე პასუხისმგებელი ხდებოდა ბოთლებში  ჩამოსხმული სასმელი წყლის დისტრიბუციაზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

გაგიკვირდებათ და არაბებთან პრაქტიკულად  მიღწეული იყო შეთანხმება ბარტერზე. არაბებს საქართველოდან გატანილი 1 ლიტრი წყლის სანაცვლოდ საქართველოში უნდა შემოეტანათ 1 ლიტრი ბენზინი. თურმე რა ვერაგი მტრები ჰყოლია ზვიად გამსახურდიას და საქართველოს, როცა წინ აღუდგნენ მაღალრენტაბელური პროექტების განხორციელებას. მესხეთ-ჯავახეთის რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას, ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას, ადამიანური რესურსების დასაქმებას, ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას და ღმერთმა უწყის რამდენი პროექტი იქნება დაკარგული და განუხორციელებელი, რომელთა ხორცშესხმა უთუოდ დიდ წარმატებას მოუტანდა ქვეყანას. ყოველივე ამან გავლენა იქონია ჩვენს ყოფა-ცხოვრებაზე. ზვიად გამსახურდიამ უარი უთხრა რუსეთს საავიაციო ქარხნის დემონტაჟზე. იგი საქართველოს მომავალზე ფიქრობდა და სტრატეგიულ ობიექტებს ძალიან უფრთხილდებოდა.

ახლა მაინც თვალი გაახილონ და დარწმუნდნენ იმაში, რომ შევარდნაძის ხელისუფლების დროს ჩააბარეს რუსეთს აფხაზეთი და სამაჩაბლო. აგრეთვე გაასხვისეს  მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები, განადგურდა და დაინგრა სამრეწველო საწარმოები, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაზე. ოპოზიცია აგრძელებს ბრძოლას საქართველოს წინააღმდეგ, რომ ქვეყანა დააბრუნოს წარსულში. თავის დროზე  რომ დაესაჯათ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს უპატიებელი დანაშაული, მაშინ ქვეყნის მდგომარეობა უკეთესობისაკენ წავიდოდა და ხალხის ცხოვრების პირობები შედარებით უკეთესი იქნებოდა.

ოპოზიციაში მყოფი ადამიანი  უფრო თავშეკავებული უნდა იყოს. თუ უყვარს სამშობლო, უფრო მოკრძალებული და სამართლიანი უნდა იყოს, ამომრჩეველს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს მათ პატიოსნებაში. ამჟამად პრეტენზიებს აცხადებენ იმაზე, რომ თურმე ქვეყანა არ მიდის სწორი განვითარების გზით. ნამდვილი ქართველი და ჭეშმარიტი ადამიანი თუ ხარ, სამშობლოს მომავალზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა ფიქრობდე. წინააღმდეგ შემთხვევაში  მოლაყბე ოპოზიციონერი ხარ და იმსახურებ რისხვას...  აწ განსვენებული  ზვიად გამსახურდია თავის დროზე იგონებდა: „მამაჩემის სიტყვები მახსენდება — როცა ერს ამდენი მოღალატე  შინა ჰყავს,  მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მასო“.

საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია მდიდარი რესურსები, რომლის გონივრული და ეფექტური გამოყენება უეჭველად უფრო მეტად წარმატებულს და მიმზიდველს გახდის ქვეყანას. სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მცირე, საშუალო და დიდი მდინარეების რაოდენობა 26 060-ს  შეადგენს, ტბების — 851-ს, მინერალური წყლების — 2 400-ს,  ტყე  2 718 000  ჰექტარს მოიცავს, ნიადაგი 49 სახეობისაა, ფლორა — 13 300 სახეობის,  არსებობს  მოსაპირკეთებელი მასა­ლების 594 სახეობა,  130 მილიონი ტონა ბენტონიტი მიწა, 33 ბარიტის საბადო, 80 მილიარდი ტონა მარგანეცი,  ასევე 315 კილომეტრის სიგრძის ზღვის სანაპირო, 102 ერთეული კურორტი, 68 სახელმწიფო ნაკრძალი და ეროვნული პარკი,  რომელთაც ბოლო ხანებში შეემატა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული და გაშენებული მრავალფეროვანი დენდროლოგიური პარკი, 11 600 ეკლესია-მონასტერი, 8-ათას­წლოვანი ღვინის კულტურა, 3 სახეობის დამწერლობა და 3-ათასწლოვანი სახელმწი­ფოებრიობა. ასევე უნდა აღინიშნოს რომ მეცნიერების მიერ მოწოდებული ცნობების თანახმად, რომელიც უტყუარია, მთელი გუდაუთა ნავთობზე დგას. აღნიშნულის შესახებ ცნობას კიდევ უფრო ამყარებს სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი პოლიტპატიმარი, ქველმოქმედი და მწერალი მერაბ რატიშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის დასაბრუნებლად წამალი არ არსებობს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამყაროს მართავს ეკონომიკური ინტერესები, მაშინ მთლად უიმედო მდგომარეობაც არ გვაქვს.  1996 წელს მოსკოვიდან შევარდნაძეს პირადად ჩამოვუტანე გუდაუთის ნავთობსაბადოს რუკა და მონაცემები.  რუსეთის ბუნებრივი რესურსების ხელმძღვანელობის მიერ მოწოდებული ცნობების თანახმად, რომელიც უტყუარია,  აღნიშნული საბადოს მარაგი სულ მცირე 500 მილიონი ტონაა. ეს ძალიან სერიოზული მარაგია,  რომელიც დისკზე იყო ჩაწერილი და ვუთხარი, რომ ჩვენ შეგვიძლია აფხაზეთთან ერთად გავაკეთოთ საწარმო, ჩამოვაყალიბოთ საერთო ადმი­ნი­სტრაცია  და ნორვეგიელები, რომლებმაც ამერიკელებს ტენდერი მოუგეს, ამ ნავთობის ამოქაჩვას დაიწყებენ-მეთქი!  აი, ეს იქნებოდა აფხაზეთის დაბრუნების გასაღები, მაგრამ შევარდნაძემ ხმა არ ამოიღო და გაჩუმდა. რუსები გველოდებოდნენ, რას მოვიმოქმედებდით და არაფერი რომ არ გავაკეთეთ, ხელი ჩაიქნიეს.  იყო წინადადება რომ გუდაუთის მაღლობიდან ნავთობის ამოქაჩვა დაეწყო „როს ნეფტს“, მაგრამ რუსებმა რატომღაც მაინც თავი შეიკავეს.  სხვათაშორის, გუდაუთის მაღლობიდან ერთი ძარღვი ანაკლიისაკენ მოდის და სწორედ უზარმაზარი ნავთობსაბადოა მიზეზი, რის გამოც ანაკლიაში ამერიკელები აქტიურობდნენ. შევარდნაძემ ჩემ მიერ  მიწოდებული მასალები ეტყობა უდიდეს ამერიკულ ნავთობკორპორაცია „შევრონს“ გადასცა, რომელმაც ანაკლიაში გაბურღვა დაიწყო, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო ეს საქმე დაკონსერვებულია.

ქვეყანას სჭირდება ისეთი მოღვაწეები, რომლებიც თავს პირად და ოჯახურ ინტერესებზე მაღლა დააყენებს ქვეყნის ინტერესებს და იბრძოლებს ქვეყნის ინტერესებისთვის. პროფესორი იგორ კვესელავა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამი უდიდესი გამოკვეთილი ეროვნული მოღვაწე ჰყავდა: დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე და ზვიად გამსახურდია!.. ვინ არ იამაყებდა ამ სამი ბუმბერაზი ადამიანით, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს ქვეყნის განვითარების ისტორიაში. ეს ადამიანები მუდამ იდგნენ ერის სამსახურში და მოუწოდებდნენ  ქართველებს მტკიცედ დაეცვათ სამშობლოს ინტერესები.  წინა თაობები ვაჟკაცურად იცავდნენ ყოველ გოჯ მიწას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოღალატეების ხელშეწყობით დაიკარგა ათასობით კვადრატული კილომეტრი მიწის ფართობი. სწორედ ზვიად გამსახურდია სთავაზობდა საქართველოს მოსახლეობას საოცნებო ქვეყნის აღდგენას, რომლის ფართობი 1919 წლის მდგომარეობით 107 600 კვადრატულ კილომეტრს აღწევდა და საბჭოთა საქართველოზე 38 000 კვადრატული კილომეტრით მეტი იყო. 

აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე რომ არაფერი ვთქვათ, ადრე საქართველოს საზღვრებში  ართვინის ოლქი  შედიოდა. აღსანიშნავია, რომ ართვინის ოლქი მდიდარი იყო სპილენძის საბადოებით, სადაც მზადდებოდა სხვადასხვა დასახელების ძვირფასი ნივთები, რომლებიც მოსახლეობაში მოწონებას იმსახურებდა. ართვინის ოლქის ტერიტორია 3 272 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა და ისტორიული კლარჯეთის, კერძოდ, შავშეთისა და იმერხევის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავდა. ბოლშევიკური რუსეთი ართვინს საქართველოს დემო­კრატიული რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილად აღიარებდა, მაგრამ კავბიუროსა და მოღალატე სერგო ორჯონიკიძის  გადაწყვეტილებით  ათათურქს გადაულოცეს, ხოლო ლორე საბჭოთა სომხეთს  გადაეცა  და  საქართველომ  დაკარგა  ეს  ძირძველი  ტერიტორიები. იგივე ბედი გაიზიარა ზაქათალის ოკრუგმაც — 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით რუსეთი ზაქათალასაც  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განუყოფელ ტერიტორიად აღიარებდა, მაგრამ კრემლმა აზერბაიჯანელი კომუნისტების მხარე დაიჭირა და 1921 წლის 5 ივლისს კავბიუროს გადაწყვეტილებით  ზაქათალაც დავკარგეთ. როგორც ირკვევა, მოღალატე ქართველების ხელშეწყობით ათასობით კვადრატული კილომეტრი უხვმოსავლიანი მიწა ხელიდან გამოგვაცალეს და დღესაც მანქურთების ხელშეწყობით იგივე ხდება. ნუთუ  მოღ­ალატე ვერ საზღვრავს, თუ რა ზიანს აყენებს ქვეყანას იმ მიწის გასხვისებით, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად. ამიტომ ქვეყანაში არსებული მიწის ფართობის მაქსიმალურად ათვისება და მისი თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავება მოსავლიანობის გადიდების მნიშვნელოვანი ფაქტორია. გვინდა ხელისუფლებას გავუზიაროთ ჩვენი ხედვა. კერძოდ, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში  ხახვისა და ნიორის იმპორტი ხდება, ეს მაშინ, როდესაც საბჭოთა პერიოდში ქვემო იმერეთის  რაიონებში თითქმის  მთელი  მოსახლეობის  საკმარისი ხახვის უხვი მოსავალი მოჰყავდათ. დიდი მოთხოვნა  არის ასევე სიმინდსა  და მჭადის ფქვილ­ზე (1 კილოგრამი  5 ლარი ღირს). სოფლებში უკმაყოფილებას გამოთქვამენ მიწის დასამუშავებლი ტრაქტორების ხელმიუწვდომლობისა  და სასუქების  სიძვირის  გამო,  ამიტომ გლე­ხისთვის აღნიშნული და სხვა სახის აგროპროდუქტების მოყვანა არარენტაბელურია.  ყოველივე ეს უნდა გაითვა­ლისწინონ შესაბამისმა სამსახურებმა. ქვეყანას არ უჭირს ისე, რომ ყოველი სოფელი  ტრაქტორით არ  უზრუნველყონ,  რომელიც დიდ დახმარებას გაუწევს ფერმერებს. ისინი არ უნდა ზრუნავდნენ იმაზე, თუ სად და რამდენად იშოვოს ტრაქტორი მიწის დასამუშავებლად.

ასევე უნდა აღვინიშნოთ, რომ ჩვენი წინაპრები გვალვის შედეგად  დიდძალ მოსავალს კარგავდნენ, ამიტომ გამოიჩინეს ინიციატივა, ეფიქრათ სარწყავი არხების მოწყობაზე  და  შეძლეს კიდევაც მისი პრაქტიკული განხორციელება (დღემდე შემორჩენილია თამარ დედოფლის მეფობის დროინდელი სარწყავი ნაგებობის ნაშთები). როგორც ყველასათვის ცნობილია გვალვების შედეგად ხშირია შემთხვევები, როცა დიდი მოცულობისა და ღირებულების აგროპროდუქტი ნადგურდება. რიგ რეგიონებში გაყვანილია სარწყავი არხები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი,  საჭიროა გამოვნახოთ აუცილებელი ინვესტიციები და მოვაწყოთ სარწყავი სისტემა. აღნიშნული პრობლემის დროული მოგვარება იქნებოდა დიდი შვება მშრომელი ადამიანებისათვის და სოფლის ცხოვრებას სხვა ელფერი მიეცემოდა.  გაკვირვებას იწვევს  ის ფაქტი, რომ  ქვეყანას აქვს ნოყიერი მიწები,  წყალი, კლიმატი და მიუხედავად ამისა ათიათასობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწები დაუმუშავებელია სიზარმაცისა და არასწორი მენეჯმენტის გამო, რამაც გამოიწვია ქვეყანაში ყოველდღიური მოხმარების აგროპროდუქტის დეფიციტი და გაძვირება. ამას  ემატება ზოგიერთი სოფლის უნიათო  გამგებელი, რომელსაც არა აქვს ხალხის გაძღოლის უნარი, ამიტომ როცა სოფლის გამგებელს ვირჩევთ, ჩვენი აზრით, გადაწყვეტილება თვითონ  მოსახლეობამ უნდა მიიღოს, რადგან მან ყველაზე კარგად იცის ვინ გაუძღვება ღირსეულად ამ საქმეს. არჩეულ გამგებელს უნდა ჰქონდეს სწორი ხედვის უნარი, ძირეულად უნდა  იცნობდეს სოფელსა და მის მოსახლეობას, იცოდეს თითოეული ადამიანის შესაძლებლობა და უნდა სარგებლობდეს უფრო მეტი უფლება-მოვალეობებითა და პასუხისმგებლობით. სოფლის მკვიდრი თავკაცი უფრო  მეტ პრობლემას გადაუწყვეტს მოსახლეობას, ვიდრე გარედან მოსული. მისი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით მოსახლეობას გაუჩნდება მეტი ინტერესი  იმისთვის, რომ ადამიანები დაუბ­რუნდენ თავიანთ სახლ-კარს,  ასეთი მიდგომით კი სოფელი ფეხზე დადგება. როცა გლეხი იგრძნობს გვერდში დგომას, ის იღებს თავის თავზე მოვალეობას, აწარმოოს ნიადაგის შესაბამისი აგროპროდუქტი. რაც მეტი ადამიანი დაუბრუნდება სოფელს, იგრძნობს მისდამი კეთილგანწყობას, ემიგრაციაში ყოფნას ამჯობინებს თავის მამულში ფუსფუსს და აღიქვამს თავის შრომით კმაყოფილებას, მაშინ მას სხვებიც მიბაძავენ და სოფელი სოფელს დაემსგავსება. ამ შემთხვევაში გამართლებულია გამონათქვამი: "სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი". ქვეყანაში სადაც მიწა, წყალი, ჰაერი არ არის საძებარი, რატომ უნდა იყოს მოსახლეობა დაბლშემოსავლიანი? ეს მაშინ, როცა მანის კუნძულზე მცხოვრები ადამიანების თვიური შემოსავალი 9 ათას დოლარს შეადგენს.

ქართული მიწა-წყალი იყო და არის ჩვენი მარადიული საფიცარი, რისთვისაც არაერთ მამულიშვილს თავი გაუწირავს. ამიტომ მას სჭირდება მოვლა-პატრონობა და არა უცხო პირზე გადაბარება. ვინც ქართულ მიწას უცხო მოქალაქეებზე გაყიდის, ის იქნება ქვეყნის აშკარა მოღალატე. ამასთან დაკავშირებით სულმნათი ილია ამბობდა: „ადამიანს ყველაფერი შეიძლება აპატიო, მამაპაპისეული მიწის გაყიდვის გარდა, რადგან მიწის გაყიდვა საკუთარი დედის გაყიდვას ნიშნავს". წერა-კითხვის  გამავრცელებელი საზოგადოების თავკაცი ილია ჭავჭავაძე მუდამ იმის ოცნებაში იყო, რომ ქვეყანას ჰყოლოდა  განათლებული და გონიერი ადამიანები, რომლებიც ქვეყნისათვის  საშვილიშვილო საქმეებს წამოიწყებდა. ამიტომაც ილია აღნიშნავდა, რომ  სწავლა,  ცოდნა,  მეცნიერება  ღონეა ისეთი,  რომელსაც დღეს ვეღარაფერი წინ ვეღარ აღუდგება, ვერც მუშტი, ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმრავლე.

ილია მოუწოდებდა ქართველ ახალგაზრდობას,  რომ უმაღლესი განათლება მიეღოთ საზღვარგარეთ და ცოდნით შეიარაღებული მომავალი თაობა მარიამის წილხვედრ ქვეყანას გვერდში ამოდგომოდა და ახალ-ახალი მიღწევებით სამშობლო გაეხარებინა. ამიტომ პეტერბურგში მოღვაწე ქართველ სტუდენტებს კუნძულ კრეტაზე წასვლა და თურქი ოკუ­პანტების წინააღმდეგ აჯანყებული ბერძენი პატრიოტების მხარდამხარ ბრძოლა აუკრძალა: „საქართველოს სჭირდებით, ამოდენა გზაზე იმიტომ ჩამოსულხართ რომ თქვენი ცოდნით საქართველოს უნდა გამოადგეთ“. როგორც ცნობილია 1896 წელს კუნძულ კრეტაზე ბერძნები თურქების წინააღმდეგ აჯანყდნენ. პეტერბურგის ქართველმა სტუდენტობამ სამსონ ფირცხალავას მეთაურობით ილიას წერილი გამოუგზავნა და ქართველთა განზრახვაზე თავის გონივრული აზრის გამოხატვა სთხოვა.  ილიამ ამ პასუხზე დიდხანს იფიქრა და 1997 წლის 8 აპრილს გაზეთ "ივერიაში" დაწერა: „ნუ მიწყენთ რომ მოგახსენოთ ჩემი კი არა ჩემსა და  თქვენი ქვეყნის სახელით, სასწავლებლად წასულხართ, ისწავლეთ, ცოდნა შეიძინეთ, ჯერხანად ნურც აქეთ გადაიხედავთ, ნურც იქეთ, მარტო სწავლა-ცოდნას შეალიეთ თქვენი ძალა და ამ ორის უძლიერესი ფარ-ხმალით მოდით და უპატრონეთ ქვეყანასა, რომელსაც ჯერ სხვა სავედრებელი თქვენს წინაშე არა აქვს და რომელიც ამ გზით მოელის თქვენგან ხსნასა და ბედნიერებას.  ქვეყანა იმით კი არ არის უძლური რომ ღარიბია, არამედ იმით რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არ ჰყავს, აი, თქვენი თავი რად გვიღირს ასე ძვირად და სიძუნწეში ნურავინ ჩამოგვართმევს, რომ სხვისთვის არც ერთი  თქვენთაგანის  თმის ბეწვს ვერ ვიმეტებთ: თქვენ თქვენი ქვეყნისთვის ხართ საჭირონი!“ — აი, როგორ უდგებოდა ახალგაზრდობის სწავლა-ცოდნის საქმეს ილია მართალი, რომელიც გულიანად მოძღვრავდა მათ, რათა ჰყოლოდა განსწავლული, გამჭრიახი  სამშობლოს ღირსეული ჭირისუფალი ახალგაზრდობა.

საქართველოში მრავლად არიან ნიჭიერი ბავშვები, რომლებსაც სჭირდება განსა­კუთრებული ყურადღება, რადგან ბევრ ღარიბ ოჯახიშვილს და მათ მშობლებს ფინანსური საშუალება არ გააჩნია თავიანთი შვილების კარგი სწავლა-განათლების მისაღებად საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, იმის შესაძლებლობაც კი არ აქვთ ადგილზე უმაღლეს სასწავლებლებში ბავშვებს სწავლის ქირა გადაუხადონ.  ხელისუფლება ვალდებულია, ნიჭიერი  მოსწავლეები გაგზავნონ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში. ღარიბი ოჯახიშვილის, ალექსანდრე ფლემინგისათვის ფინანსური დახმარება რომ არ აღმოეჩინათ, მაშინ როგორი იქნებოდა მისი მომავალი? ალექსანდრე თავისი ნიჭით და მუყაითი შრომით გახდა მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერი.  მან 1928 წელს აღმოაჩინა ანტიბიოტიკი, რისთვისაც სავსებით დამსახურებულად მიენიჭა ნობელის პრემია. ეს ის ფლემინგია, რომელმაც ბავშვობაში უინსტონ ჩერჩილი ჭაობში დახრჩობას გადაარჩინა. ჩერჩილის მამამ მადლიერების ნიშნად ფლემინგის ოჯახს პირობა მისცა, რომ პატარა ალექსანდრეს, რომელიც ბავშობიდანვე ნიჭიერი, მაგრამ ღარიბი ოჯახის შვილი იყო, კარგ განათლებას მისცემდა და ამ მიზნით სახსრებს არ დაიშურებდა. ჩერჩილის მამამ ფლემინგებს დაპირება შეუსრულა და მსოფლიომ მიიღო უდიდესი მეცნიერი ალექსანდრე ფლემინგი, რომლის მიერ აღმოჩენილმა პენიცილინმა დედამიწაზე ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.  სწორედ ფლემინგის დამსა­ხურებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო დემოგრაფიული მონაცემებისა და  დედამიწის მოსახლეობის არნახული ზრდა.  ადამიანები აღარ იღუპებოდნენ პნევმონიის, ტუბერკულოზის, მენინგიტისა და სხვა ინფექციური დაავადებებისაგან.  ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოება ვერ მივიდა იმ ჭეშმარიტებამდე, რომ მარტო უმაღლესი სკოლის დამთავრება და დიპლომის აღება კი არაა აუცილებელი, არამედ მთავარია კონკურენტუნარიანი ცოდნის მიღება.  ვაკანტური სამუშაო ადგილის დაკავება უნდა ხდებოდეს ცოდნის, გასაუბრებისა და  კონკურსის შედეგად და არა ნეპოტიზმით.    

როგორც გამოცდილებამ დაგვანახა, უმაღლესი სკოლის ლექტორ-მასწავლებლებმა თავიანთი ცოდნა, გამოცდილება უშურველად მოახმარეს მომავალი თაობის აღზრდა-განათლების მეტად მნიშვნელოვან და საპატიო საქმეს, მაგრამ ადამიანური რესურსი ბერდება. ხანდაზმული ლექტორ-მასწავლებლები იძულებული ხდებიან დატოვონ თავიანთი საყვარელი საქმე და ცხოვრების დარჩენილი დრო დარდში გაატარონ.  ამ დროს განათლების სამინისტრო,  ხელისუფლება არ ფიქრობს იმაზე, თუ რა ბედი ეწევა სოციალურად დაუცველ ღვაწლმოსილ ლექტორ-მასწავლებელს. ალბათ,  ფიქრობენ 365 ლარის დახმარება საკმარი­სია საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველსაყოფად.  ე.წ პენსია აღნიშნულ პიროვნებას არ ყოფნის ექიმთან სავიზიტო ბარათის  ამოწერის, ანალიზების აღებისა და მედიკამენტების შესაძენად. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პედაგოგის  ნორმალური ცხოვრების პირობების შესაქმნელად მაგალითი უნდა აიღოს იმ ქვეყნებიდან, სადაც აფასებენ და მატერიალურად უზრუნველყოფენ ლექტორ-მასწავლებლებს.

ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე ქართველს უკითხავს იაპონელისათვის: რამ განაპირობა თქვენი ერის ასეთი ნიჭიერება? როგორ შეძელით მიგეღწიათ განვითარების ასეთი მაღალი დონისათვის? იაპონელმა  უპასუხა: ჩვენ გათვლა გავაკეთეთ განათლებასა და მეცნიერებაზე, მასწავლებლებს მივეცით მინისტრის ხელფასი, დიპლომატის ხელშეუხებლობა და იმპერატორის პატივისცემა. საქართველოს კი უფრო მეტის მიღწევა შეუძლია, რადგან  თქვენ ხომ ჩვენზე ბევრად ნიჭიერები ხართ. როგორ?! — გაკვირვებულმა იკითხა ქართველმა.  როგორ და ქართველებში 10-დან 9 ნიჭიერია და მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს უნიჭო, ჩვენთან კი პირიქითაა ათიდან მხოლოდ ერთია ნიჭიერი, მაგრამ ჩვენ სწორედ იმ ერთს ვირჩევთ ხელმძღვანელად, დანარჩენები მას ექვემდებარებიან. თქვენ კი სწორედ იმ ერთ უნიჭოს ირჩევთ და ნიჭიერებს უსაქმოდ ტოვებთ.  აღნიშნული მონათხრობი რეალობას ასახავს.  ამ მავნე ჩვევების აღსაკვეთად საჭიროა ჩვენი ბრძოლა, საჭიროა ნებისმიერმა პირმა კონკურსის გზით დაიკავოს თანამდებობა და ეს უნდა იყოს ცივი გონებისა და სუფთა ხელის მქონე ღირსეული,  ნიჭიერი, განათლებული და გამოცდილი სპეციალისტი, სახელმწიფო მოხელე თუ მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას,  რასაც მოჰყვება პოზიტივი და ადამიანებს სურვილი გაუჩნდებათ, აქტიური როლი ითამაშონ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა-განვითარებაში.

ინტერესმოკლებული არ იქნებოდა, თუ რას ფიქრობენ ცოდნის მიღებასთან დაკავშირებით სამხრეთ აფრიკის სტელენ-ბოსის უნივერსიტეტის მესვეურნი. უნივერსიტეტის შესასვლელში გამოკრულ აბრაზე არის წარწერა — ნებისმიერი ერის გასანადგურებლად არ არის საჭირო ატომური ბომბის,  შორეული რადიუსის რაკეტების გამოყენება,  ამისათვის საჭიროა განათლების ხარისხის შემცირება, თვალის დახუჭვა იმაზე, როდესაც მოსწავლე გამოცდაზე იტყუება. ასეთი ექიმების ხელში პაციენტები იღუპებიან, ასეთი ინჟინრების  ხელში შენობები ინგრევა, ასეთი ეკონომისტებისა და ბუღალტრების ხელში იკარგება ფული, ასეთი მოსამართლეებისა და იურისტების ხელში იკარგება სამართალი და ა.შ. განათლების  კრახი ერის კრახია.

ქართველი ახალგაზრდობის უმრავლესობა  ძალიან ნიჭიერია  და სწავლისათვის საკმარისი რესურსიც გააჩნიათ. ბეჯითი მეცადინეობით მათ შეუძლიათ გახდნენ კარგი სპეციალისტები, უზრუნველყონ თავიანთი კეთილდღეობა და ჩადგნენ ერის სამსახურში, მაგრამ ახალგაზრდებს შეეპარათ სიზარმაცის სინდრომი, მას დაემატა „ჯადოსნური“ ტექნიკა (ინტერნეტი, მობილური ტელეფონი), საიდანაც ზღვა ინფორმაციას ღებულობენ. ცხადია, ინტერნეტი კონკრეტული სპეციალობის შესასწავლად წიგნის მაგივრობას ვერ შეცვლის,  მაგრამ წიგნზე უწყვეტად მეცადინეობის შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა უეჭველად დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს სპეციალობის ათვისებაში. ახალგაზრდობას ვურჩევთ დაფიქრდნენ, სიზარმაცე ამოიღონ დღის წესრიგიდან, გამოიმუშაონ ნებისყოფა, მიუსხდნენ მაგიდას და დამოუ­კიდებლად დაიწყონ წიგნზე მუშაობა, რაც ცოდნის გაღრმავების საწინდარი გახდება.

ჩვენი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს გამოვთქვათ ვარაუდი სპეციალობის არჩევასთან დაკავშირებით, რადგან ახალგაზრდების უმრავლესობას უჭირს მისთვის საჭირო და საინტერესო სპეციალობის არჩევა. ხშირად ისინი ნაჩქარევად აკეთებენ განაცხადს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მონიშნავენ ისეთ სპეციალობებს, რაზედაც წარმოდგენა არა აქვთ, რის გამოც  ხდებიან ინერტული და  საბოლოოდ ვერ ყალიბდებიან, როგორც კონკურენტუნარიანი კადრი. ხშირ შემთხვევაში მშობელი და თვითონ  აბიტურიენტიც გათვლილია იმაზე, რომ  ჩაირიცხოს უმაღლეს სასწავლებელში,  აიღოს დიპლომი და ამით სრულდება ყველაფერი. ასეთი მიდგომა ახალგაზრდა ადამიანისთვის დამღუპველია. არასრულყოფილი სპეციალისტი ვერ საქმდება თავის ქვეყანაში და იძულებულია გაიქცეს ემიგრაციაში ფიზიკური სამუშაოს საძებრად.  იქაც ვერ პოულობს სამუშაო ადგილს, ამასობაში გადის დღეები, წლებიც და  უაზრო  ხეტიალის შემდეგ იძულებული ხდება დაუბრუნდეს თავის სამშობლოს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მომავალ თაობას აქვს უზღვავი შესაძლებლობა, მაგრამ ვერ იყენებს და ავლენს ბუნებით ბოძებული ნიჭს,  რათა ახალ-ახალი ფურცელი ჩაწერონ ერის განვითარების ისტორიაში. აქვე შეიძლება მოვიტანოთ უილიამ ჯეიმსის ბრძნული სიტყვები: "ჩვენ გონებრივი და ფიზიკური რესურსების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს ვიყენებთ... ადამიანი მრავალ  სრულიად სხვადასხვა ნიჭს ფლობს, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოუყენებელი რჩება".

როგორც აღვნიშეთ, უმრავლეს შემთხვევაში მრავალი ახალგაზრდა არასწორად  ირჩევს სპეციალობას,  ამიტომ უინტერესოდ მიდის სწავლის პროცესი, რაც უარყოფითად მოქმედებს მის მომავალზე. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრომ მე-11, მე-12 კლასებში შემოიღონ პროფესიის არჩევისათვის "სპეციალური კურსი", რომელსაც უნდა გაუძღვნენ დარგის მაღალკვალიფიციური და  გამოცდილი სპეციალისტები.  მომავალ აბიტურიენტებს გააცნობენ დარგისა და ქვედარგების სპეციფიკას, როლს, ამოცანებსა და მათ მნიშვნელობას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად. ლექცია-სა­უბ­რები  გარკვეულ დახმარებას გაუწევს მომავალ თაობას, რათა წარმოსახვაში აღიქვას თავისი ნიჭისა და ინტერესის შესაბამისი  სპეციალობა. როცა დარწმუნდება, რომ ის დგას სწორად არჩეულ გზაზე,  მოტივირებული იქნება  კარგად დაეუფლოს აღნიშნულ სპეციალობას. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა იმუშავებს თავისი ნიჭის, ინტერესის, უნარის შესაბამისად არჩეული სპეციალობით, მით უკეთესი იქნება ქვეყნისათვის. ყველამ უნდა გაიგოს და  იცოდეს, რომ უხარისხო განათლება საზიანოა ქვეყნისათვის. როგორც არასოდეს, ახლა სჭირდება  ქვეყანას პატიოსანი, ნიჭიერი,  განსწავლული, პატრიოტი მამულიშვილები, რომლებიც თავის ცოდნას უშურველად მოახმარენ ოჯახსა და ქვეყანას. როგორც ილია მართალი ბრძანებდა, ადამიანი ფასდება არა ნიჭით, არამედ ნიჭის გამოყენების უნარით. ახალგაზრდებს, რომლებსაც არ აქვთ სპეციალობა, აუცილებელია ისწავლონ პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში იმ მოტივით, რომ იქ მიღებული ცოდნა და მინიჭებული პროფესია მოთხოვნადი  და პრესტიჟულია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

როგორც ირკვევა ბოლო პერიოდში საშუალო სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში იკლო სწავლების ხარისხის დონემ, ამიტომ განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ სწავლის ამაღლებასა და დისციპლინის განმტკიცებაზე, რადგან საშუალო სკოლები უმაღლესი სასწავლებლებისათვის არის ამ პროცესის რეალური საძირკველი! მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ მეტი და მეტი ინვესტიცია გაიმეტოს განათლებისა და მეცნიერების განვითარებისათვის. რაც უფრო მეტი განათლებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და მაღალი დონის მეცნიერი ეყოლება ქვეყანას, მით უფრო სწრაფი ტემპით  გაიზრდება ეკონომიკა, შესაბამისად ამაღლდება მშრომელთა ცხოვრების პირობები და განვითარდება ინფრასტრუქტურა.

ყველასათვის  საამაყოა,  რომ ჩვენი ქვეყანა მუდამ გამორჩეული იყო თავისი წარსულით, ადათ-წესებით, ისტორიული ძეგლებით, ფლორა-ფაუნით, სტუმარ-მასპინძლობით, მეცნიერების,  ხელოვნების, სპორტის განვითარებით და სხვა საუკეთესო მაგალითებით. შრომა თუ არ ეზარება ადამიანს, არსებობს ყველა პირობა ბიზნესის განვითარებისთვის. საგანგებოდ მოვიყვანთ მაგალითს — ქართული ცხვარი მსოფლიოში უნიკალური თვისებებით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ  ზესტაფონის რაიონის სოფელი საზანო ისეთი მიკროზონაა, სადაც იქაურ ცხვრის ხორცს სუნი არა აქვს, რაც დელიკატესად ითვლება.  მიუხედავად საძოვრების დეფიციტისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელია გამოიძებნოს რესურსები თუნდაც სხვა საქმიანობის ხარჯზე, გამოზარდონ მეტი ცხვარი, რომლის ხორცზეც  დიდი მოთხოვნაა და ამავდროულად საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია. ცხადია, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ცხოვრების დონე დაბალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელდაკრეფილი ვიყოთ და არაფერი გავაკეთოთ  გარკვეული წარმატების მისაღწევად. ქვეყანაში მიგრანტების პრობლემების გადაწყვეტის შემთხვევაში ადამიანებს მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ შეუდგენ თავიანთი გეგმების შესრულებას. საფუძველი ჩაეყარა უფრო მეტი ფერმერული მეურნეობისა და ოჯახური სასტუმროების ჩამოყალიბებას,  სადაც დაკავდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა, აგრეთვე მამაპაპისეულ ფუძეს უბრუნდება  მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რაც  სოფლის  აღორძინებს საწინდარია. ხშირია იმის მაგალითები, როცა რაჭა-ლეჩხუმში თუ სხვა რეგიონებში მოსახლეობა უბრუნდება თავის ძირძველ კერას, სადაც  შესაძლებლობა აქვთ განავითარონ სხვადასხვა სახის ბიზნესი. კერძოდ, ონში რამდენიმე ფიზიკურმა პირმა ჩამოაყალიბა ოჯახური სასტუმროები, როგორიცაა "მადანას", "რელაქსის", "ქვე ჭამე და ქვე წადის" სახელწოდებით. აგრეთვე ბევრ სოფელში იქმნება ასეთივე სასტუმროები, რომელიც ადამიანის დაინტერესებისა და შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ გვევლინება.  ამის იმედს იძლევა ტურისტების ნაკადის შემოდინება, რადგან მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის უმრავლესობა გამოხატავს დიდ ყურადღებას საქართველოს მიმართ, რადგან ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო და მიმზიდველი. ვიზიტორი თუ ტურისტი, ვინც  ჩვენთან ყოფილა, დიდად კმაყოფილი და აღფრთოვანებული წასულა, მას დიდი სიყვარული, სტუმართმოყვარეობა და სახელგანთქმული ქართული სამზარეულოს მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე "შქმერულისა" და სხვა კერძების დაგემოვნებით დიდი სიამოვნება და სითბო უგრძვნია ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში.

უნდა გვახსოვდეს, რომ არ უნდა შენელდეს ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, მისი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ადამიანების დასაქმებისა და ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა. ქვეყანაში მრავალი მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელი პრობლემა არის გადასაჭრელი, რომელსაც გადამწყვეტი ადგილი უკავია ჩვენი არსებობისა და ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის. ყველამ ყურად უნდა იღოს, რომ  დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოა, ამიტომ ხელისუფალმა პასუხისმგებლობა აიღოს  და ხელი შეუწყოს მომავალი თაობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.  სოციოლოგი თამაზ ზუბია­შვილი აღნიშნავს, რომ ქვეყნიდან მილიონ-ნახევარი კაცია გასული. საერთაშორისო კვლევებმა გვიჩვენა რომ მიგრანტთა 70-75% 18-45 წლამდე ასაკისაა. ასეთი მაჩვენებელი საქართველოსთანა დემოგრაფიულად მომაკვდავი ქვეყნისათვის კატასტროფის ტოლფასია. ეს ნაკადი  თუ არ შემცირდება, მალე ქვეყანაში თაობათა ცვლა შეწყდება.

ქვეყნის წინსვლისათვის ეფეტური ღონისძიებების განხორციელებისათვის მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამართლიანობის, თითოეული მოქალაქის კანონმორჩილებისა და საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცებას, რაც გადამწყვეტ მნიშვნელოვან ფაქტორად მიგვაჩნია.